უეფამ რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს დააშორა
ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, უეფამ უკრაინული და რუსული კლუბები ევროსარბიელზე ერთმანეთს დააშორა.
კონკრეტულად არ არის ცნობილი, თუ რა ხნით გაგრძელდება აღნიშნული აკრძალვა. უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინული და რუსული კლუბები ევროპულ დონეზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან მანამ, სანამ ამასთან დაკავშირებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალ ცნობას არ გამოაქვეყნებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ 18 ივლისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაში სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“ ერთმანეთს ასცდებიან.
უეფას კიდევ ერთი გადაწყვეტილება ებრაულ კლუბებს ეხება. ღაზის სექტორში არსებული ვითარების გამო, ისრაელში უეფას ეგიდით მატჩების გამართვა აიკრძალა. ებრაულ კლუბებს 2014-15 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საშიანო მატჩების გასამართად საზღვარგარეთ არსებული სტადიონების მოძიება ეთხოვათ.