უეფა “ჯუზეპე მეაცას” მინდვრით უკმაყოფილოა
უეფას მატჩების ორგანიზების ხელმძღვანელმა კიტ დალტონმა განაცხადა, რომ “ჯუზეპე მეაცას” მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ არის. შეგახსენებთ, რომ ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი შედგება.
“თუ გვინდა, რომ მინდვრის საფარი ფინალურ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, მრავალი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ.
მინდვრის მოვლის სამსახურის ხელმძღვანელი ახალგაზრდა პიროვნებაა, თუმცა იგი ერთადერთი ადამიანია ოპერაციათა გუნდში, ვისაც ამ საქმისთვის საჭირო ტექნიკური უნარები გააჩნია. გუნდის წევრებს მხოლოდ მისი დირექტივების შესრულება შეუძლიათ.
მიუხედავად პრობლემებისა, მოედანი ფინალური მატჩისთვის მზად იქნება. ქომაგებს სანერვიულო არაფერი აქვთ. გვინდა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს, ვინაიდან საუბარია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნითი შეხვედრისთვის ყველაფერი მზად იქნება”, – ციტირებს დალტონის სიტყვებს “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა 28 მაისს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.