ზაზა ნადირაძე: “ცუდია, როცა ვიღაც ნამუსისგან მოშორებული მსაჯი გიწყვეტს შედეგს”
ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 24 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც იცით, ქართველი გულშემატკივრები უკამყოფილოები იყვნენ ლუხუმ ჩვიმიანისა და ტაკატოს დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსაჯის გადაწყვეტილებებს სანდრო ბაზაძის შეხვედრებში.
“როგორც ჩანს, ჩვენს ოლიმპიელებს კონკურენტ სპორტსმენებთან ერთად, მსაჯებთან უწევთ ბრძოლა! დღეს სამწუხაროდ მსაჯებმა გაიმარჯვეს! რამოდენიმე ერთის წინააღმდეგ – ძალიან რთულია! ცუდია, როცა წლებს და უდიდეს შრომას ხარჯავ მიზნისთვის და ვიღაც ‘გ’ალსტუკიანი, ნამუსისგან მოშორებული მსაჯი გიწყვეტს შედეგს.
არასწორია რა! ოლიმპიელებო, მთელი საქართველო ვამაყობ თქვენით! ოქროები ხართ!!! მსაჯებო, მომდევნო დღეებში იგრძნობთ როგორ იბრძვიან ქართველები ერთმანეთისთვის”, – წერს ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ბაზაძემაც და ჩხვიმიანმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უმედლოდ დაასრულეს.
*ფოტო (ლუხუმ ჩხვიმიანი): ლაშა კუპრაშვილი