ჟურნალისტი: “მანჩესტერ სიტი” მესის წარსადგენად უკვე ემზადება”
ბარსელონაში მომუშავე ჟურნალისტი მარსელო ბეკლერი საკუთარ მიკრობლოგზე წერს, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ლიონელ მესის წარსადგენად მზადება უკვე დაიწყო.
“მანჩესტერ სიტი” უკვე ემზადება იმისთვის, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს. კლუბმა შესაძლო ტრანსფერის წარსადგენად მსხვილ საპროდიუსერო კომპანიას მესის საარქივო აუდიოვიზუალური მასალის მომზადების თაობაზე მიმართა”, – წერს ჟურნალისტი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეო მესის “ბარსელონას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი, გასულ კვირაში გაჩნდა. ფეხბურთელმა კლუბს მიმართა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა “ბარსელონას” მისი შენარჩუნების სურვილი აქვს ან მსურველისგან კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას მოითხოვს, რაც 700 მილიონ ევროს უტოლდება.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს.