ზინედინ ზიდანი — მატჩამდე თქმული
დღეს ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — მადრიდის “რეალი” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“კრიშტიანუ რონალდუს უმნიშვნელო ტვიკილები აქვს, თუმცა მთლიანობაში იგი მზადაა. რონალდუ ფინალისთვის სრულად მზად იქნება.
რთული მატჩის მოლოდინში ვართ, თუმცა მძიმე გზა გამოვიარეთ და გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. მოსამზადებლად ორი კვირა გვქონდა, ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის გავლენ მოედანზე.
მოთამაშეებს იგივე განწყობა აქვთ, რაც ლისაბონის ფინალამდე ჰქონდათ. მოხარულები ვართ, რომ ფინალში გავაღწიეთ და ახლა დასკვნითი მატჩისთვის მზად ვართ. მზადყოფნა უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. გუნდი სათამაშოდ მზად არის. ამ მიზნის მისაღწევათ ბევრი ვიშრომეთ და გაწეული მუშაობით კმაყოფილნი ვართ. ბევრი გამოწვევა დავძლიეთ, ამის გარეშე ფინალში ვერც გავიდოდით. გუნდმა იცის, რას ნიშნავს მოთმინება. ფინალურ მატჩში სირთულეები ჩვეულებრივი ამბავია. თუ გინდა გაიმარჯვო, ოფლი უნდა დაღვარო.
მარცხი კრახი არ იქნება. კრახი იქნება არასწორი დამოკიდებულება. მთელი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. ეს საფეხბურთო მატჩია. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. 2014 წლის ფინალის შემდეგ ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა კლუბის ფილოსოფია უცვლელია. ჩვენ კვლავაც ერთ მუშტად ვართ შეკრულნი. მოედანზე თითოეული ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმის გამოვლენას. ასე იქნება ფინალურ შეხვედრაშიც.
მატჩის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, ვიღელვებ, ეს სამწვრთნელო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში გამოვცადე, თუმცა მწვრთნელის ამპლუაში კიდევ უფრო განსხვავებული გრძნობაა. კარლო ანჩელოტი ხშირად მეუბნებოდა: “იმედია, მთავარი მწვრთნელის რანგში შენც გექნება ფინალი”. სწორედ ეს მითხრა ლისაბონის ფინალური მატჩის წინ. აი, დადგა ეს დღე და კარლოს სიტყვები მახსენდება.
უპირველეს ყოვლისა, დაცვაში უნდა ვითამაშოთ ყურადღებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნება. შეტევაში ჩვენი კოზირი გვაქვს. რა არის მთავარი? უნდა ვირბინოთ. სირბილი, სირბილი და კიდევ ერთხელ სირბილი”, – ზიდანის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.