ანჩელოტი: “ჩემი ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან”
ესპანეთის მე-7 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. “ატლეტიკომ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1999 წლის შემდეგ პირველად მოიგო. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდმა, “ბარსელონასთან” ერთად, ესპანეთის პრიმერადივიზიონის ისტორიაში საუკეთესო სტარტი მოიწყო – 7 შეხვედრაში 7 გამარჯვება. რაც შეეხება “რეალს”, “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უსარგებლო თავდაჯერებულობა გვერდზე უნდა გადადონ და თამაშს შესაბამისად მოეკიდონ.
“შეტევაში ძალზედ ნელა ვმოქმედებდით. ეს მატჩი სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. შინ მარცხი ყოველთვის რთული გადასატანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემებს გავუმკლავდებით. გუნდმა თამაშის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან. “ატლეტიკომ” დაიმსახურა ეს გამარჯვება მეტოქე გუნდი დაცვაში ორგანიზებულად და საიმედოდ თამაშობდა. “ატლეტიკო” შესანიშნავი გუნდია და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ბექა დოგრაშვილი