ფაბრეგასს „ბარსელონაში“ რეინას ხილვა სურს
„ბარსელონას“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი დარწმუნებით ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე პეპე რეინა ვიქტორ ვალდესის იდეალური შემცვლელი იქნებოდა. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ვალდესი კლუბიდან აბარგებას აპირებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლივერპულის“ საკუთრებაში მყოფი და „ნაპოლიში“ იჯარით გასხვისებული რეინა „ბარსელონას“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.
„ვიქტორმა „ბარსელონას“ პირველ გუნდში უკანასკნელი ათი წელიწადი გაატარა და ახლა ვერ წარმოგვიდგენია, რომ იგი სხვამ უნდა შეცვალოს. ვალდესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მან სხვა ჩემპიონატში თამაშის და სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
რაც შეეხება პეპე რეინას, მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. რეინა ძალზედ გამოცდილი მეკარეა. გარდა ამისა, ის გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. ჩემი აზრით, ის ჩვენს გუნდს გამოადგება. სიამოვნებით ვიხილავდი რეინას „ბარსელონაში“, – ფაბრეგასის სიტყვები „რადიო კატალონიას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რეინა სწორედ „ბარსელონას“ აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც კატალონიურ გრანდში დაიწყო.
ბექა დოგრაშვილი