რობენი vs გვარდიოლა
გერმანულ პრესაში დღევანდელი მთავარი განხილვის თემა არის მიუნხენის “ბაიერნი” და ამ კლუბის ორი წევრი: არიენ რობენი და ხოსეპ გვარდიოლა.
მოგეხსენებათ, რომ “მაინცთან” ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში გვარდიოლამ რობენს არ დაარტყმევინა თერთმეტმეტრიანი. გუშინდელ შეხვედრაში კი არიენმა მოუტანა საკუთარ გუნდს პენალტი, პეპმა თხოვა ჰოლანდიელს, რომ თავად შეესრულებინა, მაგრამ რობენმა ბურთი ფრანკ რიბერის დაუთმო.
ამ ინციდენტს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგმა რობენი გააკრიტიკა, ზოგმაც გვარდიოლამ. ოლივერ კანმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ბავშვურ თამაშს გავს და ჯობია, რომ მატჩის წინ გაირკვეს, თუ ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს.
Tz-online-მა ნაშუადღევს გამოქვეყნა ინტერვიუ, რომელმაც ალბათ ყველანაირი წერტილი უნდა დაუსვას ამ ამბავს: “მე არ მსურს ამ თემაზე კვლავ საუბარი. ჩემი თანაგუნდელების მხრიდან ძალიან სასიამოვნო საქციელი იყო და მე მადლობას ვუხდი მათ. საქმე იმაშია, რომ ფრანკ რიბერი ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატია, როგორც მესი ასრულებს პენალტებს “ბარსელონაში” და რონალდუ “რეალში”, მინდა, რომ ფრანკიც ასე იყოს. ამიერიდან ჩემ წილ პენალტებს რიბერი შეასრულებს”, – განაცხადა თავად არიენ რობენმა.