ვან დერ ვარტი: „რონალდუ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“
„ჰამბურგისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვარტი თვლის, რომ წელს „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ბაძავს რონალდუს.
„ალბათ, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მათ შორის „ჰამბურგის“ მოთამაშეებსაც, სურს, რომ რონალდუს მსგავსი იყოს. ზოგიერთები თვლიან, რომ ის მოედანზე ქედმაღლურად იქცევა, მაგრამ გასახდელში რონალდუ საკმაოდ მოკრძალებული და მშვიდი ადამიანია. ის გასაოცარი ფეხბურთელია და „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“, – ვან დერ ვარტის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
30 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში კოჭის მყესები გაიწყვიტა. ვან დერ ვარტი იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.
„თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. დღეს ბევრად კარგად ვარ და ვიმედოვნებ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები“, – აღნიშნა ვან დერ ვარტმა.
ბექა დოგრაშვილი