რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.
რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:
„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.
ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.
ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.
ბექა დოგრაშვილი