იერო: „ძალიან საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის“
მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფერნანდო იერო თვლის, რომ წინ მეტად საინტერესო მსოფლიოს ჩემპიონატი გველის. „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტნის თქმით, მოქმედი ჩემპიონის წოდება „ფურია როხას“ დამდეგ მუნდიალზე არავითარ უპირატესობას არ მისცემს.
„თუ ესპანეთის ნაკრები ტიტულის დაცვას მოახერხებს, ეს უდიდესი წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ტურნირამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ „ფურია როხა“ მოქმედი ჩემპიონია და მეტოქეებმა პატივი უნდა სცენ. ამასთანავე, ყოველთვის ვამბობ, რომ მქომედი ჩემპიონის წოდება გუნდს არავითარ დამატებით ბონუსს არ აძლევს.
საკმაოდ სერიოზული მეტოქეები გვყავს. მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები, რომელიც საკუთარ კედლებში ითამაშებს და გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნება. ყველასთვის რთული ჩემპიონატი იქნება. ამავე დროს, ძალიან საინტერესო ტურნირი გამოვა“, – იეროს სიტყვები football-espana-მ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
ბექა დოგრაშვილი