„ვალენსიას“ კიევში თამაში არ სურს
ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნება. კიევში ადგილობრივი „დინამო“ ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობები გრძელდება, სამართალდამცავებსა და ევრომაიდნის აქტივისტებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულთა რიცხვი 150 კაცს აღწევს.
ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ „ვალენსიას“ მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება სურს, თუმცა უეფა შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გაუქმებას არ აპირებს.
„დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი „ვალენსიას“ ინიციატივას ტელეკომპანია „ფუტბოლის“ ეთერში გამოეხმაურა.
„უეფადან მივიღეთ წერილი, აქ შექმნილი მდგომარეობა აინტერესებდათ. ჩვენ მათ გარანტია უნდა მივცეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს სპორტია, ფეხბურთია და არა პოლიტიკა. რომ ვგრძნობდე, რომ მეტოქეს ან ჩემს გუნდს რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს, თავადაც ხვდებით, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის პირველი ინიციატორი მე ვიქნებოდი, თუმცა კიევში ვცხოვრობთ და ვხვდებით, რომ მატჩის მშვიდად ჩატარება შეგვიძლია. შეხვედრა სტადიონ „დინამოზე“ რომ იმართებოდეს, ეს მეორე საკითხი იქნებოდა და გამოვიდოდით ინიციატივით, რომ მატჩი უკრაინის სხვა არენაზე, ან სულაც სხვა ქვეყანაში შემდგარიყო“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.
„დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი