ვალდესის გამოსამშვიდობებელი წერილი
ვიქტორ ვალდესმა ბარსელონას ოფიციალური საიტის საშუალებით ღია წერილი გამოაქვეყნდა რომლის საშუალებითაც იგი ფანებს დაემშვიდობა.ამ წერილს გთავაზობთ.
„დრო მოვიდა, ყველას დაგემშვიდობოთ.
სამწუხაროდ, ფეხბურთის თამაშის დროს გამომშვიდობების საშუალება არ მაქვს. სწორედ ასე მინდოდა წასვლა, მაგრამ ასეთია ცხოვრება და ეს წელი, ჩემთვის, ამ მხრივ, დაუნდობელი იყო.
დრო მქონდა დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ ვინ ვიყავი და ვინ ვარ. იმ ხალხს, ვინც ამ პიროვნებად ქცევაში დამეხმარა, მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ამ წერილს მათ ვუძღვნი.
ორიოლ ტორტი, ხოსე ანტონიო პოსანკო, ხუან მანუელ ასენსი, ურსიკინიო ლოპესი, ალბერტ ბენაიგესი, ანტონიო ოლმო, ხუან კარლოს პერეს როხო, პეპ სეგურა, კიკე კოსტასი, ხუან ვილა, ხორდი კასტელი… ეს იმ მწვრთნელების ჩამონათვალია, რომლებიც ჩემთვის საოცნებო სპორტსმენად გახდომაში დამეხმარნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 10 წლის ბიჭი, 10 წლის შემდეგ, „კამპ ნოუს“ მეკარედ აქციეს. მადლობა მათ!!!
მადლობა ლუი ვან გაალს გამბედაობისთვის, რომლის წყალობითაც წარმოვაჩინე ტალანტი, რომელსაც მხოლოდ ის ხედავდა. მან დაიწყო იმ ისტორიული „ბარსელონას“ შექმნა, რომლის წევრობის პატივიც მქონდა. გულითადი მადლობა.
მადლობა ფრანკ რაიკარდს, რომელიც მენდო და რომელმაც დიდებამდე მიმიყვანა. მისი წყალობით, პარიზში, ხელში ევროპის ჩემპიონთა თასი დავიჭირე. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენს წინაშე ყოველთვის ვალში ვიქნები, მისტერ.
მადლობა პეპ იმისათვის, რომ გამიხსენი კარი იმ თამაშისკენ, რომელიც ჩემთვის, მანამდე უცნობი იყო. მადლობა იმისათვის, რომ წარმატების გზაზე წამიძეხი. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, ასე არაა?
მადლობა ტიტო! სადაც არ უნდა იყო, მადლობა იმისათვის, რომ გვასწავლე არა მხოლოდ მოგება, არამედ ცხოვრებისეული გამძლეობა.
მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს, რომელთან ერთად მუშაობის სიამოვნებაც მქონია. მადლობა იმისათვის, რომ თავი გუნდის მნიშვნელოვან წევრად მაგრძნობინეთ. ყველაფერი იქამდე დადის, რომ ჩვენ ვართ ვინც ვართ, აქ და ახლა. მადლობა ჯენტლმენებო!
და რა თქმა უნდა, არ შემიძლია დავივიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩემი აქ ყოფნის 12 წლის განმავლობაში, ჩვენი საყვარელი გულშემატკივრები. რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და მხარს მიჭერდნენ, რაც სპორტსმენისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. უამისოდ ამდენის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასჯერ მადლობა. გთხოვთ, ნუ შეწყვეტთ ჩემს მხარდაჭერას.
სამუდამოდ, ფორცა ბარსა!
ვიქტორ ვალდეს არიბასი“.