ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“
პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.
„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.
ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.
რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.
პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.
„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.
აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი