გერმანიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს
გერმანიაში გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.
საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მანუელ ნოიერი დასახელდა. გასულ სეზონში 28 წლის კიპერმა კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო, მიმდინარე ზაფხულს კი ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ნოიერმა, რომელიც გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი 2011 წელსაც გახდა, ჟურნალ “კიკერის” მიერ მოწყობილ გამოკითხვაში გერმანელ ჟურნალისტთა 144 ხმა მიიღო.
მეორე ადგილზე დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარკო როისი გავიდა, მესამე პოზიცია კი “ბაიერნის” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა დაიკავა.
წლის საუკეთესო მწვრთნელად გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი დაასახელეს, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა “აუგსბურგის” და “ბაიერნის” დამრიგებლები მარკუს ვაინცირლი და ხოსეპ გვარდიოლა.