ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”
სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.
“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.