დევიდ მოიესმა ესპანეთში კულტურული შოკი მიიღო
“რეალ სოსიედადის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ ესპანეთში საფეხბურთო მატჩების დაწყების გვიანი დრო მისთვის ერთგვარი კულტურული შოკი აღმოჩნდა. პრიმერადივიზიონის XII ტურში მისი გუნდი “დეპორტივოს” ესტუმრება — მატჩი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 01:00 საათზე).
“შესაძლოა, ინგლისში ამ დროს უკვე ეძინოთ. ნამდვილად არ ვარ ასეთ დროს მიჩვეული, თუმცა აქ სწორედ ახალი კულტურის გასაცნობად ჩამოვედი. რამდენადაც მე ამიხსნეს, ესპანეთში ჩვეულებრივი ფაქტია მატჩების საღამოს ათ საათზე დაწყება. რას ვიზამთ, ახალ გრაფიკს უნდა შევეგუო.
ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ ხალხი ქუჩაში ჩერდება და მესალმება. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში თვლიან, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სანაკრებო პაუზა ძალზედ წაგვადგა. ჩემს ფეხბურთელებთან დიდი დრო გავატარე. ისინი ყურადღებით ისმენენ ახალ ინფორმაციას. ცოტას კი ვნერვიულობ, თუმცა გუნდში ყველანი კარგ განწყობაზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ სატურნირო ცხრილში ზემოთ აიწიოს”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს “როიტერი”.