ნოიერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა წლის მატჩია”
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ვესტფალენშტადიონზე” გაიმართება, სადაც დორტმუნდის “ბორუსია” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. ბავარიული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში “ბაიერნი” შინ მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
“დორტმუნდში “ბორუსიას” წინააღმდეგ თამაში ძალზედ საინტერესოა. სტადიონი სრულად მოცულია საოცარი ატმოსფეროთი. კიდევ ერთხელ შედგება წლის მატჩი. მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” წინა ტურში დამარცხების შემდეგ აღნიშნული შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს goal.com-ი.
შეგახსებთ, რომ “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში გამართული მატჩი ბავარიული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.