დელ ბოსკე: “ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგება გვინდა”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაფასა. “ფურია როხას” დამრიგებელმა მეტოქეთა სიძლიერეს ხაზი გაუსვა.
“ჩვენ ორი ისეთი გუნდი შეგვხვდა, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე ჰოლანდიის ნაკრები უსაქმოდ დატოვეს. თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნულ გუნდებს ვგულისხმობ. ჩვენი მესამე მოწინააღმდეგე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც ძლიერ გუნდთა რიცხვში ვთვლი. ხორვატებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ასე რომ, სერიოზული მუშაობა მოგვიწევს.
ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებაა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ფენომენალური მიღწევა იქნება. ასეთი რამ არ მომხდარა. ისიც გვესმის, რომ დაპირისპირება მოგვიწევს წარმოუდგენელი სიძლიერის გუნდებთან, რომელთაც შეუძლიათ, ტიტულის დაცვაში ხელი შეგვიშალონ”, – დელ ბოსკეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.