“ვოლფსბურგმა” მაქს კრუზე ფულის დაკარგვისთვის დააჯარიმა
“ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობამ კლუბის თავდამსხმელი მაქს კრუზე 75 ათასი ევროს დაკარგვის გამო დააჯარიმა. “ბილდის” ცნობით, ფეხბურთელი ბერლინში პოკერის თამაშის შემდეგ ადრიან დილას სასტუმროში ტაქსით ბრუნდებოდა. კრუზეს ჩანთა, რომელშიც ფული იდო, ტრანსპორტში დარჩა. 27 წლის ფორვარდი კლუბმა 25 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.
მომხდარის შესახებ “ვოლფსბურგის” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა ისაუბრა.
“ზოგიერთს ამ ოდენობის თანხა თვალით არ უნახავს, მით უფრო ნაღდი ფულის სახით. მაქსი, გუნდის მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი და მე ერთმანეთს შევხვდით და მომხდარის შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენ ფეხბურთელის დაჯარიმების გადაწყვეტილება მივიღეთ. კრუზეს ავუხსენით, თუ რას მოველით მისგან. იმედს ვიტოვებ, რომ მომხდარი მისთვის გაკვეთილი იქნება და ასე აღარ მოიქცევა. ჩვენი ამოცანა ფეხბურთელების სწორ გზაზე დაყენებაა. დღეს უკვე ვეღარ ვიტყვით იმას, რომ საწვრთნელი ბაზის მიღმა ფეხბურთელი საჯარო სტატუსის მქონე პირი არ არის”, – ციტირებს ალოფსის სიტყვებს “ბილდი”.