ზიდანი: “დღეს ჩემი ფეხბურთელებისგან ყველაფერი მომეწონა”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრა “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის შესახებ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა.
“ძალიან გახარებული ვარ. ნორმალურია, რომ მატჩის დასაწყისში ცოტას ვნერვიულობდით. ჩემი გუნდის მუშაობით ვამაყობ. კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ეს მხოლოდ სამი ქულაა. ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
გვაქვს თუ არა შანსი პრიმერადივიზიონში? ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ, შაბათ-კვირას კი აქცენტი სწორედ პრიმერადივიზიონზე უნდა გავაკეთოთ.
დღეს ჩემი ფეხბურთელებისგან ყველაფერი მომეწონა. კმაყოფილი ვარ დაცვით, შეტევით, მოკლედ – ყველაფრით. ძალიან კარგია, როდესაც შენს გუნდს ბრძოლაში უყურებ.
მატჩი კარგად არ დაგვიწყია, თუმცა დავასრულეთ ისე, როგორც გვინდოდა. მოხარული ვარ, რომ “ნოუ კამპზე” გავიმარჯვეთ. აქ მოგება იოლი არ არის.
მომენტი არ დამინახავს, თუმცა მითხრეს, რომ გარეტ ბეილის გოლი მსაჯს უნდა ჩაეთვალა. სწორ გზას ვადგავართ. აქ გამარჯვება ყველას როდი შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ “რეალის” ქომაგები ჩვენი ფეხბურთელების დღევანდელი თამაშით ამაყობენ”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ზიდანმა.