სლუცკი: “მგონია, რომ რუსეთის ნაკრები კიდევ მოუმატებს”
ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “სამმა ლომმა” გამარჯვება 92-ე წუთზე ვასილი ბერეზუცკის მიერ გატანილი გოლის წყალობით გაუშვა ხელიდან. მატჩი რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ შეაჯამა.
“მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ სწრაფი ტემპი შემოგვთავაზა, კარგად ვმოქმედებდით. ინგლისის ნაკრები ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია. ორგანიზებულად ვითამაშეთ და მატჩის ბოლოს თამაშს კიდევ უფრო მოვუმატეთ.
დაცვაში თამაში გამოგვივიდა. ინგლისელებმა მომენტები შექმნეს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი. მოხარული ვარ, რომ ანგარიშის გათანაბრება შევძელით. კმაყოფილი ვარ საყრდენ ზონაში თამაშითაც.
მაქვს შეგრძნება, რომ გუნდი კიდევ მოუმატებს. იმედია, ბრძოლაში მოპოვებული ეს ფრე დამატებით ძალას შეგვძენს. ვიმედოვნებ, კიდევ მოვუმატებთ.
რთული იმის აღწერა, რას ვგრძნობ ახლა. კომპენსირებულ დროში გატანილი გოლი ყოველთვის სასიხარულოა. ყოჩაღ”, – განაცხადა სლუცკიმ.