“კაზემიროს სინდრომი”
მადრიდის “რეალის” საყრდენ ნახევარმცველ კაზემიროს “სამეფო კლუბის” შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, რასაც ქვემოთ მოცემული სტატისტიკა ადასტურებს.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მადრიდული გუნდის რიგებში ხუთი მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ ხუთ შეხვედრაში “რეალმა” მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა (მატჩში საშუალოდ 0,8 გოლი). კაზემიროს გარეშე “სამეფო კლუბმა” 11 შეხვედრა გამართა და 16 ბურთი გაუშვა (მატჩში საშუალოდ 1,5 გოლი).
საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც “რეალს” სათავეში ზინედინ ზიდანი ჩაუდგა, გუნდმა მატჩების 90 პროცენტი მაშინ მოიგო, როდესაც მოედანზე კაზემიროც იყო, ხოლო ბრაზილიელის არყოფნის პირობებში “ბლანკოსმა” შეხვედრათა მხოლოდ 61 პროცენტი დაასრულა გამარჯვებით.
ახლა კაზემიროს ტრავმა აწუხებს და “რეალს” მის გარეშე უწევს მატჩების ჩატარება. ესპანელი ჟურნალისტებიც უმალ ალაპარაკდნენ, რომ “სამეფო კლუბის” ბოლოდროინდელი დაღმასვლა ბრაზილიელი ფეხბურთელის ლაზარეთში ყოფნას უკავშირდება. კაზემირომ ტრავმა 18 სექტემბერს მიიღო, როდესაც “რეალმა” “ესპანიოლი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მას შემდეგ მადრიდულმა გუნდმა ათი მატჩი ჩაატარა და ათივე შემთხვევაში გაუშვა მინიმუმ ერთი გოლი, მეტიც – გუნდმა ვარშავის “ლეგიასგან” ერთბაშად სამი ბურთი მიიღო და შეხვედრის გამარჯვებით დასრულება ვერ მოახერხა, რაც ნამდვილ სენსაციად შეირაცხა.