რონალდუმ კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო
Globe Soccer Awards 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო მეოთხედ მოიგო. თავად რონალდუმ დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს საშუალებით მიმართა. ჯილდო “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩაიბარა.
“ინდივიდუალური და გუნდური მიღწევებით კარიერაში, ალბათ, საუკეთესო წელი მქონდა. “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე, პორტუგალიის ნაკრების რიგებში კი ევროპის ჩემპიონი გავხდი. მეტი რა უნდა მენატრა?! კიდევ აქვს ვინმეს კითხვები ჩემი, “რეალის” ან პორტუგალიის ნაკრების მიმართ? ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ. საოცარი წელიწადი იყო. მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი თანაგუნდელებსა და ფერნანდუ სანტუშს, რომელსაც იანვარში წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების მოპოვების შანსი აქვს”, – აღნიშნა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ Globe Soccer Awards 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე რონალდუს გარდა წარდგენილნი იყვნენ გარეტ ბეილი (“რეალი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”/”ნაპოლი”) და ჯეიმი ვარდი (“ლესტერ სიტი”).