ჩალჰანოღლუ 4-თვიან დისკვალიფიკაციას საკუთარ მამას აბრალებს
როგორც მოგეხსენებათ, ფიფამ ლევერკუზენის “ბაიერის” შემტევი ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოღლუ ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. 2011 წელს თურქი ფეხბურთელი გერმანულ “კარლსრუეში” გამოდიოდა. ამ პერიოდში მისით “ტრაბზონსპორი” დაინტერესდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი თურქეთში გადასვლას დათანხმდა, რისთვისაც თანამემამულეებისგან წინასწარ 100 000 ევრო მიიღო, თუმცა ჩალჰანოღლუს “ტრაბზონსფორთან” კონტრაქტზე ხელი აღარ მოუწერია, მოგვიანებით კი გერმანულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება გაახანგძლივა. თურქული კლუბი აღნიშნული თანხის დაბრუნებასა და კომპენსაციის სახით ერთ მილიონ ევროსაც ითხოვდა, მაგრამ ფიფამ ჩალჰანოღლუს ჯარიმის სახით 100 000 ევრო და ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.
“მაშინ 17 წლის ვიყავი და “კარლსრუეში” ვთამაშობდი. ჩემი მეგობრისგან შემთხვევით გავიგე, რომ მამაჩემი დარმშტადტში “ტრაბზონსფორის” წარმომადგენლებს ხვდებოდა. მოგვიანებით მამამ მითხრა, რომ “ტრაბზონსფორთან” კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა. ახლა მამაჩემი ხვდება, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ის გაბრაზებულია. იგი მამაჩემია და მამაჩემად დარჩება, მაგრამ ჩემს კარიერაში აღარ ჩაერევა”, – ჩალჰანოღლუს კომენტარი გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.