სერხიო რამოსი: “კატასავით ცხრა სიცოცხლე გვაქვს”
მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 25-ე ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასთან” ბრძოლაში მიღწეული საყაიმო შედეგის (3:3) შემდეგ შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა.
“უნდა მოვუმატოთ. სიტუაცია კარგად არ მიდის და ჩვენც შეცდომის დაშვების სულ უფრო და უფრო ნაკლები უფლება გვაქვს. თითოეული ქულა უნდა დავაფასოთ.
თუ “რეალში” თამაშობ, სეზონის დაწყებისთანავე დიდი წნეხის ქვეშ ექცევი. მაშინაც კი, როდესაც სატურნირო ცხრილში “ბარსელონას” მნიშვნელოვნად ვუსწრებდით, არ ვფიქრობდით, რომ ტიტული უკვე მოგებული გვქონდა. მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და ყველაფერი ჩვენს ხელშია.
მსაჯობაზე საუბარი არ მინდა. ხანდახან ისინი ჩვენ სასარგებლოდ ცდებიან, ხანდახან კი პირიქით ხდება. ერთი მატჩით ნაკლები გვაქვს ჩატარებული. უბრძოლველად არაფერს დავთმობთ. კატასავით ცხრა სიცოცხლე გვაქვს”, – სერხიო რამოსის კომენტარი “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” 57 ქულით ლიდერობს. კატალონიურ გუნდზე ერთი ქულითა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს მადევარ “რეალს”.