რონალდუს წარმომადგენლობა გაზეთ “შპიგელში” გამოქვეყნებულ ბრალდებას გამოეხმაურა
კრიშტიანუ რონალდუს წარმომადგენელი პორტუგალიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ პრესაში გამოქვეყნებულ ბრალდებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. გერმანულ გაზეთ “შპიგელში” დაიბეჭდა, რომ რონალდუმ 2009 წელს ახალგაზრდა გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა, რის შემდეგაც მსხვერპლი სასამართლოში ჩივილს აპირებდა, თუმცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დუმილის სანაცვლოდ მას 375 ათასი აშშ დოლარი შეაძლია.
რონალდუს წარმომადგენლობა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
“დღეს გერმანულმა გაზეთმა “შპიგელმა” ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც რონალდუს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, რომელსაც თითქოს 2009 წელს ჰქონდა ადგილი, ანუ თითქმის რვა წლის წინ.
ეს ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია.
სავარაუდო მსხვერპლი საკუთარი პერსონის იდენტიფიცირებაზე უარს ამბობს და ამ ისტორიას ადასტურებს. მთელი ამბავი ეფუძნება ხელმოუწერელ დოკუმენტებსა და წარმოსახვით წერილს, რომელიც თითქოს გაეგზავნა მსხვერპლს და რომელიც რონალდუს არასდროს უნახავს.
“შპიგელში” გამოქვეყნებული სტატია არის ყალბი. რონალდუ ამ გამოცემას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაუპირისპირდება. ეს ყოვლად ამაზრზენი და აღმაშფოთებელი ბრალდებაა, რომელიც არ შეიძლება, რომ დაუსჯელი დარჩეს”, – ნათქვამია განცხადებაში.