პეპე: “ვერ ვიგებ, რატომ ამომაგდო ზიდანმა შემადგენლობიდან”
მადრიდის “რეალის” მცველმა პეპემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს. როგორც პორტუგალიელი ფეხბურთელის საუბრიდან ირკვევა, მას კარიერის გაგრძელება “რეალში” სურდა, მაგრამ კლუბმა არახელსაყრელი კონტრაქტი შესთავაზა.
“ეს გადაწყვეტილება იანვარში მივიღე, როცა მივხვდი, რომ საქმე კარგად არ მიდიოდა. “რეალმა” არახელსაყრელი კონტრაქტი შემომთავაზა. 33 წლის ასაკს ზემოთ მყოფ ფეხბურთელებს კლუბი ორწლიან შრომით ხელშეკრულებას არ სთავაზობს და არც მე ვიყავი გამონაკლისი. ეს “რეალის” პოლიტიკაა.
ზიდანი თუ ბენიტესი? ბენიტესის გულწრფელობა მომწონდა, ის სამართლიანი და პირდაპირი ადამიანია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მისი თავკაცობის დროს დავკარგე.
რაც შეეხება ზიდანს, მას მართლაც შთამბეჭდავი შედეგები აქვს, მაგრამ ზოგი რამ ჩემთვის გაუგებარი რჩება, მაგალითად ის, თუ რატომ დავკარგე ადგილი შემადგენლობაში”, – ციტირებს პეპეს სიტყვებს COPE.
შეგახსენებთ, რომ პეპე “რეალის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს.
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს, თუმცა თავად პეპე ამას არ ადასტურებს და ამბობს, რომ შემოთავაზებებები ინგლისიდანაც აქვს.