ხორვატიის ნაკრების ფანები მოდრიჩისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას მოითხოვენ
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს სერიოზული პრობლემები აქვს.
ხორვატიის ნაკრების ქომაგების ნაწილი მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას მოითხოვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოდრიჩი ზაგრების “დინამოს” ყოფილ პრეზიდენტ ზდრავკო მამიჩს მიემხრო, რომელიც თაღლითობასა და კლუბის საკუთრებაში არსებული 20 მილიონი ევროს გაფლანგვაშია ბრალდებული.
ლუკა მოდრიჩი ბრალდების ერთ-ერთი მოწმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან მამიჩის სასარგებლო ჩვენება მისცა, რამაც ხორვატი ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ბრალდების თანახმად, 2008 წელს ზდრავკო მამიჩმა მოდრიჩი “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გაყიდა, ტრანსფერისგან მიღებული თანხის ნაწილი კი უკანონოდ მიითვისა.
ხორვატი ქომაგების დიდი ნაწილი ლუკა მოდრიჩის პოზიციით იმდენად აღშფოთებულნი არიან, რომ მას “მამიჩის მეძავსაც” კი უწოდებენ. ფეხბურთელის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებებიც კეთდება.