“ბარსელონა” ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველს დაიმატებს
“სანტოსის” შემტევი ტიპის ნახევარმცველი ლუკას ლიმა 2018 წლის იანვრიდან კარიერას, სავარაუდოდ, “ბარსელონაში” გააგრძელებს.
26 წლის ფეხბურთელს ბრაზილიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბერს ეწურება. შესაბამისად, ის “ბლაუგრანას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
“ფოქს სპორტსის” ცნობით, ლუკას ლიმას კატალონიურ გუნდთან რეკომენდაცია ნეიმარის მამამ გაუწია, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დასრულებულია, ლუკას ლიმა “ბარსელონასთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ლუკას ლიმამ 2017 წელს ბრაზილიის ჩემპიონატში ერთი, ლიბერტადორესის თასზე კი ხუთი მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელმა 24 მაისს ტრავმა მიიღო და ამ დრომდე არ გამოჯანმრთელებულა.
ლუკას ლიმა 2015 წლიდან ბრაზილიის ნაკრების წევრიც გახლავთ. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 15 მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.