რონალდუმ დაადასტურა, რომ ტყუპის მამა გახდა
მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მას ტყუპი ვაჟი შეეძინა. ამ მიზეზის გამო ის კონფედერაციათა თასზე ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში არ ითამაშებს.
“მთელი სხეულითა და სულით ეროვნული ნაკრების ბანაკში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ორი ვაჟი შემეძინა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პორტუგალიელი ქომაგების გახარებას გავაგრძელებთ. ფედერაციის პრეზიდენტი და სამწვრთნელო შტაბი ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდა და ამას არასდროს დავივიწყებ. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ ჩემს შვილებს ვიხილავ”, – დაწერა სოციალურ ქსელში რონალდუმ.
პორტუგალიური მედიის ცნობით, რონალდუ ტყუპი ვაჟის მამა 8 ივნისს სუროგატი დედისგან გახდა.
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ უკვე ზრდის ბიჭს, რომელიც ქვეყანას 2010 წელს მოევლინა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ბავშვის დედის ვინაობა არ გაუმჟღავნებია. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პატარა კრიშტიანინიოც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადა.