ჩავი ბოლო სეზონს ჩაატარებს
“ალ სადის” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ პროფესიულ კარიერას დაასრულებს. ესპანელს სამწვრთნელო კარიერის დაწყება აქვს განზრახული.
“ჩემთვის ეს უკანასკნელი სეზონი იქნება. მწვრთნელი გავხდები, მაგრამ ამისთვის გარკვეული დრო არის საჭირო. სამწვრთნელო საქმიანობის სპეციფიკა მესმის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ბურთის გაკონტროლებაა. როდესაც ბურთის გარეშე მიწევს თამაში, ძალიან ცუდად ვგრძნობ ხოლმე თავს. ანალოგიურ მდგომარეობაში ვიქნები მწვრთნელად მუშაობის დროს, თუ ჩემი გუნდი ბურთს ვერ გააკონტროლებს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს The Tactical Room-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩავი 1998-დან 2015 წლამდე “ბარსელონას” ღირსებას იცავდა. ის კატალონიური გუნდის შემადგენლობაში რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ხოლო ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. ჩავი ესპანეთის ნაკრების რიგებში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.