ზიდანი: “საუკეთესო მწვრთნელობამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია”
მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა დიდი წარმატებით დაიწყო, იგი საკუთარ თავს საუკეთესო მწვრთნელად არ მიიჩნევს.
ფიფამ წლის საუკეთესო სპეციალისტის ჯილდოზე ფრანგ მწვრთნელთან ერთად მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”) და ანტონიო კონტე (“ჩელსი”) წარადგინა. წლის მწვრთნელის ვინაობა 23 ოქტომბერს, ლონდონში გასამართ ცერემონიაზე გაირკვევა.
“არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ, ამ წოდებამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. გამიმართლა, რომ საუკეთესო კლუბში და საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ. ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა. თუ ამ ჯილდოს მომცემენ, სიხარულით მივიღებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მე საუკეთესო მწვრთნელი ვარ”, – ზიდანის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი “რეალს” 2016 წლის იანვრიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე გახდა ქვეყნის სუპერთასისა და ორჯერ უეფას სუპერთასის მფლობელი, გაიმარჯვა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზეც.