არიენ რობენის მიღწევა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიას” ეწვია და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ბავარიელები არიენ რობენმა დააწინაურა, რომელმაც ბუნდესლიგაში “ბაიერნის” ფორმით 93-ე გოლი ჩაიწერა და ლეგიონერთა შორის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ამ მაჩვენებლით ბრაზილიელი ჯოვანი ელბერი ჩამოიტოვა. გარდა ამისა, რობენი ბუნდესლიგაში ყველაზე შედეგიანი ჰოლანდიელი ფეხბურთელიც გახდა.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი “ბაიერნის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მან ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიის ჩემპიონატში 178 მატჩი ჩაატარა.
ლეგიონერთა შორის ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ბრემენის “ვერდერისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი თავდამსხმელი კლაუდიო პიზარო გახლავთ, რომელმაც გერმანიის პირველობაზე 191 გოლი გაიტანა.