“ატლეტიკოს” თანამშრომლებს გოდინის დაკარგული კბილების მოძებნა დაავალეს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ვალენსიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მასპინძელთა მცველმა დიეგო გოდინმა სტუმართა კიპერ ნეტუსთან შეჯახების შედეგად სამი კბილი დაკარგა.
გარდა ამისა, ურუგვაელ ფეხბურთელს ყბის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინეს, რის გამოც მას სამი კვირით უქმობა მოუწევს. “ელ პერიოდიკოს” ცნობით, მადრიდულმა კლუბმა საკუთარ პერსონალს გოდინის კბილების მოძებნა დაავალა. ზოგიერთ შემთხვევაში დაკარგული კბილების აღდგენა შესაძლებელია. როგორც ირკვევა, წინა კბილები 24 საათის განმავლობაში არ დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ მას რძეში მოათავსებთ. უცნობია, რამდენად წარმატებულად შეასრულეს “ატლეტიკოს” თანამშრომლებმა ეს დავალება, თუმცა მადრიდში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოსული უხვი თოვლი ამ ამოცანას ერთიორად გაართულებდა.