მიროსლავ კლოზე “ბაიერნში” დაბრუნდა
მიუნხენის “ბაიერნის” 17 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიროსლავ კლოზე დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის სპეციალისტი მანამდე გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
როგორც მოგეხსენებათ, მიროსლავ კლოზე მოთამაშის რანგში ბოლოს რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა. მან პროფესიული კარიერა 2016 წელს დაამთავრა. ამავე წლის ნოემბერში ის “ბუნდესნაკრების” სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა.
კლოზე “ბაიერნის” რიგებში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა. მან ბავარიული გუნდის შემადგენლობაში ორ-ორჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, გახდა სუპერთასისა და ლიგის თასის გამარჯვებული.
მიროსლავ კლოზე 71 გატანილი ბურთით გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. გარდა ამისა, მას ეროვნულ გუნდში ლოთარ მათეუსის შემდეგ (150) ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (137).