“უესკა” – “ხიმნასტიკი”: გარიგებული მატჩი სეგუნდაში?
ლა ლიგამ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის 41-ე ტურში “უესკასა” და “ხიმნასტიკს” შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნულ მატჩში გუნდები ერთმანეთს გაურიგდნენ.
“უესკას” პრიმერადივიზიონის საგზური ამ შეხვედრამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა და ყოველგვარი სატურნირო მოტივაციის გარეშე იყო, ხოლო “ხიმნასტიკს”, რომლის ღირსებასაც ოთარ კაკაბაძე იცავს, სეგუნდაში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება მართებდა. საბოლოო ჯამში, მატჩი “ხიმნასტიკის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
59-დან 30-მა მსხვილმა საბუქმეიქერო კანტორამ მატჩზე ფსონების მიღება შეწყვიტა შეხვედრის დაწყებამდე საათნახევრით ადრე, როდესაც სტუმარი გუნდის გამარჯვებაზე გაკეთებული ფსონების რაოდენობამ საკმაოდ მოიმატა.
შეხვედრამდე “უესკას” გამარჯვების კოეფიციენტი 1,50 იყო, ხოლო “ხიმნასტიკის” 5,75. მატჩის მიმდინარეობისას კოეფიციენტი “ხიმნასტიკის” გამარჯვებაზე მკვეთრად დაეცა (1,35). საკმაოდ ბევრი ფსონი გაკეთდა პირველი ტაიმის უგოლო ფრესა და მეორე ნახევრის სტუმართა მიერ მოგებაზე. მოვლენები ასეც განვითარდა. ფსონების უმეტესობა უკრაინიდან და აზიის რამდენიმე ქვეყნიდან იქნა მიღებული. El Confidencial-ს ცნობით, ანომალური ფსონებიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში შესაძლოა, ათი მილიონი ევრო შეადგინოს.
ლა ლიგამ გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა El Confidencial-ის თანახმად, ტურნირის ორგანიზატორებს საეჭვო გარემოება ჯერ არ აღმოუჩენიათ.