“რეალიდან” ზიდანის წასვლის მიზეზები სახელდება
ესპანურმა გაზეთმა “ასმა” მადრიდის “რეალიდან” ზინედინ ზიდანის წასვლის სავარაუდო მიზეზები დაასახელა. გუშინ, 31 მაისს, 45 წლის ფრანგმა სპეციალისტმა “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლამდე იყო გაფორმებული.
გამოცემის თანახმად, ზიდანის შეშფოთებას კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილის გაურკვეველი მომავალი იწვევდა. გარდა ამისა, ფრანგ სპეციალისტ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.
პერესი აქტიურად ცდილობდა ბილბაოს “ატლეტიკიდან” მეკარე კეპა არისაბალაგას გადმობირებას, თუმცა ზიდანმა საჯაროდ არაერთხელ გამოუცხადა ნდობა გუნდის ამჟამინდელ კიპერ კეილორ ნავასს. “რეალის” პრეზიდენტი რობერტ ლევანდოვსკისა და ნეიმარის ტრანსფერების გაჩარხვასაც ცდილობდა, თუმცა ზიდანს ისინი არ სჭირდებოდა.
კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი ის გახლავთ, რომ ზინედინ ზიდანი გუნდისთვის მძიმე პერიოდებში კლუბის ხელმძღვანელობისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძნობდა. მაგალითად, გასული სეზონის შუა პერიოდში პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ “რეალის” თავკაცის პოსტზე ზიდანს ან იოახიმ ლიოვი ან მაურისიო პოჩეტინო შეცვლიდა. ამ პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგი სპეციალისტისთვის მხარდაჭერის გამოცხადება და მისი დაცვა არც უცდია.