კოვაჩიჩი: “რეალში” ბედნიერი არ ვარ, გუნდის გამოცვლა მინდა”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი “სამეფო კლუბში” თავს ბედნიერი ვერ გრძნობს და გუნდიდან აბარგება სურს. ამის შესახებ ხორვატმა ფეხბურთელმა გაზეთ “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მიყვარს ფეხბურთის თამაში და ვისურვებდი, რომ “რეალის” ფორმით მოედანზე უფრო მეტხანს ვატარებდე. მესმის, რომ ასეთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ურთულესი საქმეა, მით უფრო – ახალგაზრდა მოთამაშისთვის. შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო ვარიანტად “რეალიდან” წასვლა მესახება. ისეთ გუნდში გადასვლა მინდა, სადაც რეგულარული პრაქტიკა მექნება.
“რეალში” ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშეებს მუდმივი სათამაშო დროის მოპოვება უჭირთ, მე კი ამის გარეშე ჩემს შესაძლებლობებს ვერ ვაჩვენებ. ბედნიერი ვერ ვიქნები, როდესაც არ მათამაშებენ. ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი სასიხარულო მომენტი მქონდა, ასეთი ფეხბურთელების გვერდით მიწევს თამაში და ტიტულებსაც ვიგებ, მაგრამ ბედნიერი არ ვარ, რადგან ამ წარმატებაში ჩემი წვლილი მინიმალურია.
იულენ ლოპეტეგის არ ვიცნობ, მასთან არასდროს მისაუბრია, თუმცა დალაპარაკება მომიწევს. ამ სამი წლის განმავლობაში “რეალში” ძალიან ცოტას მათამაშებენ, ამან ხორვატიის ნაკრებში ჩემს სტატუსზეც უარყოფითად იმოქმედა. გუნდის გამოცვლა მინდა. ალბათ, ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ჩემი ასპროცენტიანი წვლილი შევიტანო იმ გუნდის წარმატებაში, რომელშიც დიდებული ფეხბურთელები არიან შეკრებილნი”, – აღნიშნა კოვაჩიჩმა.