დელ ბოსკემ რუსეთის ნაკრების თამაში ანტიფეხბურთს შეადარა
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს ჩემპიონატზე “ფურია როხას” გამოსვლა შეაფასა და იქვე რუსეთის ნაკრების თამაში გააკრიტიკა.
“ვერ ვიტყოდით, რომ ესპანეთის ნაკრებმა ტურნირზე კარგად იასპარეზა, მაგრამ მთლად ცუდადაც არ არის საქმე. გუნდის მიმართ ზედმეტად მკაცრი არ უნდა ვიყოთ, ვინაიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე დადებითი მომენტებიც გვქონდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებმა თავი შეირცხვინა. ეს გადაჭარბებული ნათქვამია. ჩვენმა გუნდმა მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ არ შერცხვენილა.
რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ესპანელები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ. გოლი ვერ გავიტანეთ, ვინაიდან მრავალეშელონიანი დაცვის გარღვევა ვერ შევძელით. ესპანელი ფეხბურთელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გაიტანდნენ, მაგრამ ანტიფეხბურთმა გვაჯობა”, – ციტირებს დელ ბოსკეს სიტყვებს “მარკა”.