საერთაშორისო ჩემპიონთა თასის წლევანდელი გათამაშება გაუქმდა
კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო წელს მთავარი საკლუბო ამხანაგური ტურნირი – საერთაშორისო ჩემპიონთა თასი არ ჩატარდება.
აღნიშნულ ტურნირზე მსოფლიოს წამყვანი კლუბები მონაწილეობენ და მას ახალი სეზონის მზადების პროცესში მთავარ ეტაპად განიხილავენ. გარდა ამისა, საერთაშორისო ჩემპიონთა თასი კლუბებისთვის დიდი ფინანსური შემოსავლის წყაროც გახლავთ.
წლევანდელი პროგრამის მიხედვით, ლას-ვეგასში მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის მატჩი იყო დაგეგმილი. ესპანური გრანდები ამ ტურნესგან ზაფხულში 18-18 მილიონი ევროს შემოსავლის მიღებას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც “მარკა” იუწყება, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ტურნირის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლით გადავადდა ოფიციალური სპორტული შეჯიბრებებიც – ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.