მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “მალიორკამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ანგარიშით 0:4 განადგურდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მორიგი რეკორდი დაამყარა კატალონიური გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც გაიფორმა (დანარჩენი გოლები არტურო ვიდალის, მარტინ ბრეითუეითისა და ჟორდი ალბას ანგარიშზეა). არგენტინელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მოთამაშე გახდა, რომელსაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში ტურნირში მინიმუმ 20 გოლი აქვს გატანილი.
ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 25 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. სულ არგენტინელს “ბარსელონას” ფორმით ჩატარებულ 718 შეხვედრაში 627 ბურთი აქვს გატანილი და 265 შედეგიანი პასი გაკეთებული.
გათამაშების სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” 61 ქულით ლიდერობს და ხუთი პუნქტით უსწრებს მადრიდის “რეალს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
პრიმერადივიზიონში მესის გოლების რაოდენობა სეზონების მიხედვით:
23 გოლი - 08/09 34 გოლი - 09/10 31 გოლი - 10/11 50 გოლი - 11/12 46 გოლი - 12/13 28 გოლი - 13/14 43 გოლი - 14/15 26 გოლი - 15/16 37 გოლი - 16/17 34 გოლი - 17/18 36 გოლი - 18/19 20 გოლი - 19/20