ლუის სუარესი “ბარსელონას” ფეხბურთელებს დაემშვიდობა
ჟურნალისტი ჟერარ რომერო წერს, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა.
33 წლის ფეხბურთელი დღეს დილით კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, იქ გარკვეული პერიოდი დაჰყო, შემდეგ კი თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ცენტრი დატოვა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ სუარესმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში “ბარსელონასთან” შრომით ხელშეკრულებას გაწყვეტს და კონტრაქტს მადრიდის “ატლეტიკოსთან” გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ბარსელონას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მან ამ პერიოდის განმავლობაში ოთხ-ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და თასი, თითო-თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მან გასულ სეზონში საკლუბო დონეზე ჩატარებულ 36 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.