ლეო მესი: “მინდა, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა. შეცდომებზე პასუხს ვაგებ, მაგრამ…”
“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ გუნდის ფანებს მიმართა და “კამპ ნოუდან” მისი არშემდგარი აბარგების თაობაზე კომენტარი გააკეთა.
“ბევრი უთანხმების შემდეგ მინდა, რომ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა. “ბარსელონას” ქომაგები უნდა გაერთიანდნენ და დაიჯერონ, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინაა. მე ჩემს შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ თუ ოდესმე შეცდომა დავუშვი, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ჩვენი კლუბი უკეთესი და უფრო ძლიერი გამხდარიყო.
ვნებისა და მოტივაციის ერთობლიობა ერთადერთი საშუალებაა მიზნის მისაღწევად, მუდამ ერთად დგომისა და ერთი მიმართულებით მოძრაობისკენ. მინდა, რომ “ბარსელონასთან” დაკავშირებულ ყველა ქომაგსა და ადამიანს მივმართო: თუ ოდესმე რაიმე ისეთი ვთქვი ან ვქენი, რამაც გაწყენინათ, ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ ეს მხოლოდ კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთე”, – ციტირებს მესის სიტყვებს Diario Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ლეო მესიმ “ბარსელონას” წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა. “ბარსამ” მესის სურვილი არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ კონტრაქტში ჩაწერილი ეს პუნქტი უკვე ძალადაკარგული იყო. შესაბამისად, მესი კატალონიურ გუნდში მინიმუმ მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლამდე ითამაშებს.