მესი “ბარსელონას” ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ჩივილს აპირებს და გუნდის დატოვებით იმუქრება
დღეს გამოცემა El Mundo Deportivo-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წელს ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წყაროს თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბისგან 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს, რაც “ბლაუგრანასთვის” მძიმე ფინანსური ტვირთია. თავის მხრივ, “ბარსელონამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ფეხბურთელის იმიჯის დაზიანების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება.
Don Balon-ი წერს, რომ შეთანხმება საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა და მედიაში მისმა გაჟონვამ ლეო მესი საკმაოდ გააღიზიანა:
“თუ ეს ამბავი ჩემზე ან ჩემს ოჯახზე გავლენას იქონიებს, ყველაფერი დასრულდება”.
“მარკა” იუწყება, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს. წყაროს თანახმად, მესი აპირებს, უჩივლოს სამ ადამიანს, რომლებსაც შეთანხმების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდათ. საუბარია “ბარსელონას” ყოფილ პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუზე, აღმასრულებელ დირექტორ ოსკარ გრაუსა და კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კარლეს ტუსკეტსზე.