ანჩელოტიმ “რეალის” საკადრო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა
მადრიდის “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის საკადრო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და კონკრეტული ფეხბურთელების მომავალზე კომენტარი გააკეთა.
“სერხიო რამოსი ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გავიგე, რომ მასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ასე რომ, მეტს ვერაფერს გეტყვით. “რეალის” ხელმძღვანელობასთან მის მომავალს აუცილებლად განვიხილავ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “მარკა”.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ესპანელი მცველი კლუბისგან ორწლიან კონტრაქტს ითხოვს და მზად არის, ამჟამინდელი ხელფასი 10 პროცენტით შეიმციროს.
“კრიშტიანუ რონალდუსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მე ის მიყვარს, მაგრამ ტრანსფერზე არ გვისაუბრია. მას “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი აქვს.
ედენ აზარი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მე მისი ოსტატობის შესახებ ვიცი. აზარს და ბეილს ჩვენი დახმარება ნამდვილად შეუძლიათ”, – თქვა იტალიელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “რეალს” 2013-დან 2015 წლამდე უკვე წვრთნიდა. მისი თავკაცობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ესპანეთის თასი მოიგო.