ანტონიო რიუდიგერს “რეალში” გადასვლა უნდა
ლონდონის “ჩელსის” მცველ ანტონიო რიუდიგერს თვალი კარისკენ უჭირავს.
მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯებს” გერმანელ ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ და წელიწადში ჯამაგირის სახით ექვსნახევარ მილიონ ევროსაც თავაზობენ, თავად რიუდიგერი ათ მილიონს ითხოვს ან გუნდის დატოვებით “იმუქრება”. 28 წლის მცველმა საკუთარ აგენტს ახალი კლუბის მოძებნა უკვე დაავალა.
ცნობილია, რომ ანტონიო რიუდიგერის დამატებით დაინტერესებულია მიუნხენის “ბაიერნი”, თუმცა თავად ფეხბურთელს გული მადრიდის “რეალისკენ” მიუწევს. “სამეფო კლუბი” ცენტრალური დაცვის გამაგრებას ისედაც აპირებს.
ანტონიო რიუდიგერმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.
“ჩელსისა” და ანტონიო რიუდიგერს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. იანვარში ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება მიეცემა.