ახალგაზრდა ქომაგმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა
გერმანული პრესის ცნობით, ათი დღის წინათ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და კლუბის ახალგაზრდა გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბორუსიას“ ქომაგთა გარკვეული ნაწილი ლევანდონსკის საცხოვრებელი სახლის მახლობლად შეიკრიბა. 17 წლის გულშემატკივარმა პოლონელ ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა, რაც თავდამსხმელმა ვერ მოითმინა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ლევანდოვსკი ახალგაზრდა ქომაგს გაეკიდა და შუბლში ფეხი ამოარტყა. „დაზარალებულმა“ ვინმე ფილიპ ს.-მ პოლიციაში სარჩელი აფრინა და მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალგაზრდა გულშემატკივარმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა და სამართალდამცავ ორგანოში საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტში „ბორუსიამ“ თავიდანვე მხარი დაუჭირა ლევანდოვსკის.
შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი პირველი ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდება.
ბექა დოგრაშვილი