“ბარსელონა” მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
“ბარსელონა” გუნდში ლიონელ მესის შენარჩუნებას აპირებს და ფეხბურთელისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.
ESPN იუწყება, რომ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მზადაა, 33 წლის არგენტინელ თავდამსხმელს ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება შესთავაზოს, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
“ბარსელონაში” მესის ამჟამინდელი სახელფასო განაკვეთი წელიწადში დაახლოებით 75 მილიონ ევროს შეადგენს და კლუბს ფეხბურთელისთვის ამ ოდენობის ჯამაგირის შენარჩუნების შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა პირველადი ანაზღაურების შემცირების კომპენსირებას გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებით გეგმავს.
ამავე დროს, ლაპორტა ეცდება, მესი დაარწმუნოს, რომ გუნდი მომდევნო სეზონში კონკურენტუნარიანი იქნება და ამისთვის ისეთი ფეხბურთელის დამატებას ეცდება, როგორიც არის ერლინგ ჰოლანი ან ნეიმარი.
ლეო მესიმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.