ბარტომეუ: „გვინდა, რომ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს“
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ ლიონელ მესი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეც გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივება 2019 წლამდე შესთავაზა. მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წელს იწურება. ამ ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი სეზონში 16 მილიონ ევროს იღებს.
„ის ჩვენი ვარსკვლავია. მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე არის გათვალისწინებული. გვინდა, რომ მესი ჩვენს კლუბში დარჩეს.
გარდა ამისა, გვსურს , რომ ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. მესი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელია და ყველაზე დიდ ხელფასსაც იმსახურებს. არავის არ სურს მესის გაყიდვა. ის ჩვენთან 13 წლის ასაკში მოვიდა და ამ დრომდე აქ არის“, – ბარტომეუს სიტყვები „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრისტიანუ რონალდუა, რომელსაც მადრიდის „რეალი“ სეზონში 21 მილიონ ევროს უხდის.
ბექა დოგრაშვილი